არჩილ გორდულაძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 316-ე პრიმა მუხლი – “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ”

„გთავაზობთ, 53-ე მუხლს დაემატოს მესამე სეკუნდა და პრიმა ნაწილები, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად წარმოაჩენს და განსაზღვრავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება არის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

უფრო ზუსტად, გორდულაძე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.

“ამ დროს, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მაგალითად, როდესაც დადასტურდება, რომ დანაშაული არის ამ მოტივით ჩადენილი, მინიმალურზე ერთი წლით მეტი იქნება განსაზღვრული სასჯელის სახით.

გთავაზობთ, თვითონ კოდექსს დაემატოს 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობს შემდეგს – საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოში სტატუსის მქონე, მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა, ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ, ან/და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს. სასჯელის სახით გთავაზობთ, რომ იყოს გამოყენებული ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 3 წლამდე. იურიდიული პირის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, ან გაუქმებით და ჯარიმით. მთავარია სისტემურობა, სისტემატურობა, საჯაროობა. ერთი პირის მიერ გამოხატული თავისი პერფორმანსი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. ივლება მკაფიო ზღვარი ერთი მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე მხრივ, დანაშაულებრივ ქმედებას შორის“, – აღნიშნავს არჩილ გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები