მუხიანის აგარაკებზე გზის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
მუხიანის აგარაკებზე, რაჭის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა იწყება, სადაც გასულ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საგზაო სამუშაოები 5 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდება, რისთვისაც ნახევარი მლნ ლარი დაიხარჯება.
„მუხიანის აგარაკებზე გლდანის გამგეობის მიერ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ დასახლებაში არ არსებობდა კომუნიკაციები, საგზაო ინფრასტრუქტურა, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდებოდა. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რაც პირველ რიგში, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, არსებული კომუნიკაციის განახლებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს მუხიანის აგარაკებზე არაერთი ქუჩა მოწესრიგდება, მათ შორის, ჯვარისის, ჩიხორას, გორგულისა და ოშკის ქუჩები, ასევე, განთიადის ქუჩა, განთიადის ქუჩის I-II შესახვევი და ხანძთის I შესახვევი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოწესრიგდება.
„წყალარინების ქსელი კალოუბნის, მუხის, გომბორისა და ერთობის ქუჩებზე მოეწყობა, რისთვისაც, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 2 500 000 ლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.