“ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიმართულებით შსს ძალიან აქტიურად მუშაობს. წელს ვგეგმავთ 4000-მდე არალეგალის გაძევებას ქვეყნიდან”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა სრულად აღჭურვილია და გათვლილია 150 თანამშრომელზე.
„მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა სრულად არის აღჭურვილი, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური, ისე თანამედროვე სივრცეებით მოწყობილი. გათვლილია 150 თანამშრომელზე. მხოლოდ მიმდინარე წელს 400-ზე მეტი არალეგალი იქნა გაძევებული. მოგეხსენებათ, წინა კვირას საზოგადოებას მოვახსენე, რომ 2025 წელს 1300-ზე მეტი არალეგალი იქნა გაძევებული. რა თქმა უნდა ეს ჩვენი პრიორიტეტია და წელს ჩვენ ვგეგმავთ 4000-მდე არალეგალის გაძევებას ქვეყნიდან“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად დაათვალიერა.