მათიკაშვილი – საია-ს სარჩელზე: BBC-ის შემთხვევაში იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ, დავა ბოლომდე მივიყვანოთ; რაც შეეხება საია-ს – როგორც ეტყობა, ტაქტიკა შეცვალეს
“სავარაუდოდ, თუთიყუში გამოჯანმრთელდა, ტანზე ბუმბული გამოუვიდა, ძაღლმაც იცნო პატრონი, შესაბამისად, „კამიტის“ და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას – თემა, ასე ვთქვათ, ჩამოალაბორანტეს და დაიყვანეს წყლის ჭავლში რაღაც სხვა ნივთიერებების გამოყენების შინაარსით”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საია-ს სარჩელთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, “წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით”, საია სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას მიმართავს.
„როგორც ვხვდები, „კამიტი“ და პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები საია-ს სარჩელში აღარ მოიაზრება. აღარ ამბობენ, რომ „კამიტი” იყო გამოყენებული. რა შეგვიძლია, რომ ამაზე ვთქვათ?! სავარაუდოდ, თუთიყუში გამოჯანმრთელდა, ტანზე ბუმბული გამოუვიდა, ასევე, ძაღლმაც იცნო პატრონი, შესაბამისად, „კამიტის“ და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში. თემა, ასე ვთქვათ, ჩამოალაბორანტეს. დაიყვანეს წყლის ჭავლში რაღაც სხვა ნივთიერებების გამოყენების შინაარსით.
BBC-იმ და ადგილობრივმა რადიკალებმა საზოგადოების მოტყუება ამ ამაზრზენი ტყუილით სცადეს. ჯერ ამაზე აქვთ მაგათ გასაცემი პასუხი. BBC-ის შემთხვევაში იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ, დავა ბოლომდე მივიყვანოთ. რაც შეეხება საია-ს – როგორც ეტყობა, ტაქტიკა შეცვალეს. ჩვეულებრივად, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა, რომელიც უცხოური ინტერესით მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. საუბრობენ მოწამვლაზე და ერთი მოწამლული ადამიანის ფაქტი არ არის დაფიქსირებული იმ პერიოდში, ვინც მიმართა სამედიცინო დაწესებულებას და კლინიკამ რა დიაგნოზი დაუდგინა მას. „კამიტზე“ და პირველ მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ იარაღზე უარი თქვეს და სახე ხომ უნდა შეენარჩუნებინათ, ამიტომ ახლა გადავიდენ ჩვეულებრივ ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელსაც ასევე არანაირი საფუძველი არ აქვს, იმიტომ რომ მოწამლული არავინაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.