ავღანეთის თალიბანი მზადაა, აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმის შემთხვევაში, ირანს დახმარება შესთავაზოს
ავღანეთში ხელისუფლებაში მყოფი თალიბანის მოძრაობა მზადაა, აშშ-ის ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმის შემთხვევაში, ირანს დახმარება და მხარდაჭერა გაუწიოს, თუმცა აშშ-სთან ომში მონაწილეობას არ აპირებს,- ამის შესახებ The Jerusalem Post-ი წერს.
„თალიბანი დახმარებას და მხარდაჭერას გაუწევს ირანის ისლამურ რესპუბლიკას აშშ-ის მიერ ქვეყანაზე დარტყმების შემთხვევაში“, – ციტირებს გამოცემა კვირას რადიოში მოძრაობის წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის სიტყვებს.
მუჯაჰიდმა აღნიშნა, რომ ეს ავტომატურად არ გამოიწვევს ავღანელი თალიბანის მონაწილეობას „შეერთებული შტატების წინააღმდეგ საპასუხო ომში“.
მედიის ცნობით, „თალიბანის“ გზავნილი ისაა, რომ მათ არ სურთ აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი და უპირატესობას დიპლომატიურ ზომებს და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას ანიჭებენ.
ცნობისთვის, ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჟენევაში სამშაბათს გაიმართება.
თებერვლის დასაწყისში ომანში ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა და მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაზე. მედიის ცნობით, ამერიკულმა მხარემ ფართო დღის წესრიგი მოითხოვა, მათ შორის, ირანის სარაკეტო პროგრამა და თეირანის ქმედებები ახლო აღმოსავლეთში. თეირანმა, თავის მხრივ, გამოთქვა მზადყოფნა, ვაშინგტონთან მხოლოდ ბირთვული საკითხი განიხილოს.
ამერიკულმა მედიამ, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა ირანის წინააღმდეგ ხანგრძლივი, მრავალკვირიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებოდეს, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამის ბრძანებას გასცემს. პენტაგონი ამზადებს ძალებს, რომლებსაც არა მხოლოდ სწრაფი დარტყმა, არამედ ირანის მთავრობისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ხანგრძლივი კამპანიის განხორციელებაც შეუძლიათ, თუ მისი ბირთვული პროგრამის შეჩერების დიპლომატიური მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდება.