თავდაცვის მინისტრმა დაღუპული კადეტების ოჯახებს მიუსამძიმრა
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი კადეტების სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის რიგითები სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს.
ქართველი კადეტების პატივის მისაგებად ქაშუეთის ეკლესიაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მოადგილესთან კახა ოქროჯანაშვილთან და გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად მივიდა. მათ დაღუპული ახალგაზრდების მშობლებსა და ახლობლებს პირადად მიუსამძიმრეს და მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს.
დაღუპულ სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპელანებმა, მამა დავითმა და მამა გაბრიელმა პანაშვიდი გადაუხადეს.
რიგითების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ხვალ გაგრძელდება. მოგვიანებით კი მათ ცხედრებს ოჯახებში გადაასვენებენ. მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.