„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი“ გაიმართება – პრესკონფერენცია კულტურის სამინისტროში
დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის“ ჩატარებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ანზორ ერქომაიშვილი გაუძღვნენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი” 2015 წლის მაისის ბოლოს დაიწყება. ფესტივალის საზეიმო გახსნა დაგეგმილია კახეთში. ფესტივალი მოიცავს ქართული ტრადიციული ხელოვნების შემდეგ დარგებს: ხალხური სიმღერა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ტრადიციული ინსტრუმენტული შემსრულებლობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
ფოლკლორის ფესტივალი შედგება რეგიონული (2015 წელი) და დასკვნითი ტურებისაგან (2016 წელი). ლაურეატების დაჯილდოება 2016 წელს ქალაქ თბილისში გაიმართება. ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საგანგებოდ შექმნილი დარგობრივი კომისია, ფინალისტებს გადაეცემათ I, II და III ხარისხის ფულადი პრემია. ცალკე ნომინაცია დაწესდება მუსიკასა და ქორეოგრაფიაში – უძველესი ნიმუშების აღდგენა-დამუშავება და შესრულება (ქართული ხალხური სიმღერა, ცეკვა, საკლესიო გალობა), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში – საკრავებისა და ეროვნული სამოსის აღდგენა და შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის დებულების თანახმად, ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობის საშუალება ექნება საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკური უმცირესობის ფოლკლორულ ჯგუფს, ინდივიდუალურ შემსრულებელს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგის წარმომადგენელს. ფესტივალის ყველა გამარჯვებულს, ფულად პრემიებთან და სახელობით პრიზებთან ერთად, გადაეცემათ ლაურეატის დიპლომი. საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესახებ 2016 წლისთვის გამოიცემა წიგნი, ხოლო ფესტივალის ლაურეატთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის ამსახველი ვიდეომასალა – DVD დისკის სახით.