“ყველა გამგებელი, მერი, გუბერნატორი მოწადინებულია, რომ არსებული ხარვეზები მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გამოსწორდეს“

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა გამგებელი, მერი, გუბერნატორი მოწადინებულია, რომ არსებული ხარვეზები მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გამოსწორდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების განუცხადა.
“ხარვეზები ყველგანაა, ყველა უწყებაში. ჩვენ ვისაუბრეთ ამ ხარვეზებზე, პრობლემებზე, პროცედურებზე და ძალიან კარგი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. მთლიანობაში ყველა გამგებელი, მერი, გუბერნატორი მოწადინებულია, რომ დაფიქსირებული ხარვეზები მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მოგვარდეს. რაც მთავარია, მე მათ გადავეცი ჩემი გზავნილები და ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც ადამიანზე, მოქალაქეზე ორიენტირებული მთავრობა. რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ასევე, ჩემი კიდევ ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ ხელი უნდა შევუწყოთ რეგიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, შეხვედრაზე რეგიონებთან მიმართებაში “რაიმე განსაკუთრებული არაფერი დაფიქსირებულა”.
“მე ღიადაც ვისაუბრე და ეს თქვენთვის ცნობილია. მე მათ მოვუწოდე, რომ უფრო მეტად ეფექტურნი იყვნენ და მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ხალხთან, რათა გავიგოთ მოსახლეობის გასაჭირი და მათი პრობლემები. ესაა ჩვეულებრივი მუშა პროცესი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები