საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი გაიმართება

12 მარტს, 13:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის“ ჩატარებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პერსკონფერენციას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ანზორ ერქომაიშვილი გაუძღვებიან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი“ 2015 წლის მაისის ბოლოს დაიწყება. ფესტივალის საზეიმო გახსნა დაგეგმილია კახეთში. ფესტივალი მოიცავს ქართული ტრადიციული ხელოვნების შემდეგ დარგებს: ხალხური სიმღერა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ტრადიციული ინსტრუმენტული შემსრულებლობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
ფოლკლორის ფესტივალი შედგება რეგიონული (2015 წელი) და დასკვნითი ტურებისაგან (2016 წელი). ლაურეატების დაჯილდოება გაიმართება ქალაქ თბილისში 2016 წელს. ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საგანგებოდ შექმნილი დარგობრივი კომისია. ფინალისტებს გადაეცემათ I, II და III ხარისხის ფულადი პრემია. ცალკე ნომინაცია დაწესდება მუსიკასა და ქორეოგრაფიაში – უძველესი ნიმუშების აღდგენა-დამუშავება და შესრულება (ქართული ხალხური სიმღერა, ცეკვა, საკლესიო გალობა), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში – საკრავებისა და ეროვნული სამოსის აღდგენა და შექმნა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის დებულების თანახმად, ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობის საშუალება ექნებათ საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკური უმცირესობის ფოლკლორულ ჯგუფს, ინდივიდუალურ შემსრულებელს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგის წარმომადგენელს. ფესტივალის ყველა გამარჯვებულს, ფულად პრემიებთან და სახელობით პრიზებთან ერთად, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი. საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესახებ 2016 წლისთვის გამოიცემა წიგნი, ხოლო ფესტივალის ლაურეატთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის ამსახველი ვიდეომასალა – DVD დისკის სახით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები