აკაკი ბობოხიძის ძმა ციხეში მეორე დღეა შიმშილობს
ქუთაისის N2 საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრები უკვე მეორე დღეა შიმშილობენ, – აღნიშნულ ინფორმაციას “ნაციონალი” დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის ძმის ლევან ბობოხიძის ადვოკატი, რობინზონ ხურცილავა ავრცელებს.
როგორც ის აცხადებს, ლევან ბობოხიძესთან ერთად, ხონის ყოფილი გამგებელი ლევან ჯიბუხაიაც და მათთან საკანში მყოფი 6 პატიმარიც შიმშილობს.
ადვოკატის განცხადებითვე, მოშიმშილეები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ.
„ლევან ბობოხიძე N2 საპყრობილეში უკანონოდ იმყოფება. გადაწყვეტილება მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, სადაც პროცესის გადადება არაერთხელ მოხდა. პროკურორ ქეთევან თალაკვაძის შუამდგომლობის საფუძველზე, რომ იგი დასკვნითი სიტყვის წარმოსათქმელად მზად არ იყო, პროცესის გადადება კვლავ მოხდა, რასაც ლევან ბობოხიძის გაღიზიანება მოჰყვა და გუშინ სასამართლო პროცესზევე მან განაცხადა, რომ ის შიმშილობას იწყებდა. მასთან ერთად ზურაბ ჯიბუხაიაც შიმშილობს, მათ ასევე სოლიდარობას, მათთან საკანში მყოფი 6 პატიმარი უცხადებს“, – განაცხადა რობიზონ ხურცილავამ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმრების შიმშილობას არ ადასტურებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში მხოლოდ ერთი პატიმარი, ლევან ბობოხიძე შიმშილობს.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან ბობოხიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და თაღლითობის ორგანიზების ფაქტზე, დააკავა.