პროკურატურა ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებული ივანე ბეგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ლოტბერდი კუპატაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნას გამოყენებული.
ადვოკატის განცხადებითვე, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი გედენიძე და ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციის მონაწილემ 4 მარტს სცემა. გედენიძე “ვარდების მოედანზე” აქციას, სახელწოდებით, “შემოულაწუნე” აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის “პროვოკაციაში დაადანაშაულა”, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი – ივანე ბეგიაშვილი დააკავა.
გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები