პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა (ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გენდერის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები, ასევე მრავალშვილიანი დედები დაესწრნენ.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.
„მიგვაჩნია, რომ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ სისტემებში, მართვის მამართულებით არის პასუხი არა მარტო გენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე, არამედ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალზე. მინდა გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენს მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯები, ის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე ქალბატონ ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენის მიმართულებით, კიდევ უფრო მეტ პოზიტივს შესძენს ქართულ სახელმწიფოს. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი ხანგრძლივი და დაძაბული ფიქრის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ქალბატონი ნინოს კანდიდატურა უალტერნატივოა და საქართველოს ეყოლება პირველი თავმჯდომარე მოსამართლე ქალი, რაც დადებით გავლენას მოახდენს სასამართლოს სისტემაზეც და ჩვენი ქვეყნის იმიჯზეც.
ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს იმ ცვლილებებს, რომელიც იმედია განხორციელდება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ქალბატონები ბევრად უფრო აქტიურად იქნებიან წარმოდგენილი პოლიტიკურ სისტემებში და ამას უზრუნველყოფს შესაბამისი კანონი. კიდევ ერთხელ მსურს დავარწმუნო ყველა პოლიტიკოსი, რომელიც განიხილავს ამ კანონს – ეს არ არის უბრალოდ იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ რაღაც მოთხოვნები; ეს არის იმისთვის, რომ საქართველოში დადგეს ბევრად უფრო მშვიდი, ბევრად უფრო რაციონალური, ბევრად უფრო მომავალზე ორიენტირებული და ბევრად უფრო პროგრესული პოლიტიკური ვითარება. მე იმედი მაქვს, რომ ეს კანონი იქნება მიღებული და, ბუნებრივია, ამ ეტაპიდანვე ვამბობ, რომ მე მისი აქტიური მხარდამჭერი ვიქნები. ჩვენ ერთის მხრივ ვდგამთ პოლიტიკურ ნაბიჯებს, მეორეს მხრივ 2015 წელი გამოვაცხადეთ „ქალთა წლად“, რასაც ბუნებრივია ყოველ ეტაპზე ხას გავუსვამთ და შევუწყობთ ხელს როგორც დანიშვნების ნაწილში, ისევე საკითხთა გადაწყვეტის ნაწილში, ისევე საკანონმდებლო ნაწილში, რომ ქალთა საკითხი იყოს წინ წამოწეული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენით ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისა და მომავალი თაობის ღირსეულ აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისათვის სოფიო პაიჭაძე დააჯილდოვა, იგი თბილისში ერთადერთი სოციალურად დაუცველი 11 შვილიანი დედაა.
დღეს ასევე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ფასადი განათდა მწვანე ფერის პროექციით, რაც სიმბოლურად ასახავს პოლიტიკური ინსტიტუტების დამოკიდებულებას გენდერული კვოტების მიმართ. საინფორმაციო აქცია 2015 წლის გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი სლოგანია – „ძლიერი ქალი-ძლიერი საზოგადოება“.
ღონისძიებას ასევე დაესწრო პირველი ლედი მაკა ჩიჩუა.