1 181 001.31 ლარის მითვისების ფაქტზე შპს “ტონი და კომპანიის” დირექტორი დააკავეს (ვიდეო)
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 1 181 001.31 ლარის მითვისების ფაქტზე შპს “ტონი და კომპანიის” დირექტორი, დიმიტრი ფერაძე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 მარტს ბათუმის მერიასა და შპს “ტონი და კომპანიას” შორის გაფორმდა ხელშეკრულება “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ და ავანსის სახით კომპანიას ჩაერიცხა 1 289 972 ლარი. ბრალდებულმა, ნაცვლად იმისა, რომ განეხორციელებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და არამიზნობრივად გაფლანგა 1 181 000 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიაყენა ქ.ბათუმის მერიას და სადაზღვევო კომპანია “უნისონს”.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.