ირაკლი გედენიძეს ინგოროყვას კლინიკაში კითხავენ

“ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტს გამომძიებლები ირაკლი გედენიძეს ინგოროყვას კლინიკაში კითხავენ. გედენიძე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ჯერ კიდევ კლინიკაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მას კლინიკიდან უახლოეს საათებში გაწერენ.

ამ დროისთვის გედენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის მორიგე ექიმის, ილია ოქროჯანაშვილის განცხადებით, გედენიძეს ჩაუტარდა თავის, ხერხემლისა და კისრის კომპიუტერული ტომოგრაფია და ამ ეტაპზე ძლიერი დაზიანება არ არის აღმოჩენილი. ექიმის თქმით, პირველადი დახმარებით დადასტურდა, რომ პაციენტს ქვედა ტუჩის ლორწოვანის ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება, რომელიც ყბა-სახის ქირურგმა დაუმუშავა. მორიგე ექიმის თქმით, მდგომარეობა სტაბილურია.

ირაკლი გედენიძე, აქციის “შემოულაწუნე” მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს. ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

აქციის ორგანიზატორია სამი პოლიტიკური ძალა: “რეფორმატორები”, “თავისუფალი საქართველო” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.

ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები