სისხლის სამართლებრივი დევნა 367 საჯარო მოხელისა და მასთან დაკავშირებული პირის მიმართ მიმდინარეობდა

2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვის, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე სისხლის სამართლებრივი დევნა 367 საჯარო მოხელისა და მასთან დაკავშირებული პირის მიმართ დაიწყო, – ამის შესახებ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე სასტუმრო “თბილისი მარიოტში” დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, აქცენტი, ძირითადად, გადატანილი იყო საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილ ისეთი ტიპის დანაშაულებზე, როგორებიცაა წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, იძულება, მუქარა და სხვა მძიმე კატეგორიის ქმედებები, რომელთა მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა. მისივე თქმით, 367 საჯარო მოხელის მიმართ დევნის დაწყება თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ გამოძიებული იქნა მხოლოდ 367 დანაშაულებრივი ფაქტი იმის გათვალისწინებით, რომ ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე პირიდან, პირთა ჯგუფის მიერ ხდებოდა არაერთი დანაშაულის ჩადენა.
“ამდენად, ორი წლის მანძილზე გამოვლინდა და გამოძიებულ იქნა ათასზე მეტი დანაშაულებრივი ეპიზოდი”, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, მოხელეთა მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლით და ანალიზით დადგინდა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი სამოხელეო დანაშაული, ძირითადად, ატარებდა ორგანიზებულ ხასიათს.
“დანაშაულები, ძირითადად, ჩადენილი იყო ჯგუფურად, ხშირ შემთხვევაში, ზემდგომი თანამდებობის პირის უშუალო კონტროლის ქვეშ და ცალკე შემთხვევაში, უშუალო მონაწილეობითაც”, – აღნიშნა ნადარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები