მირზა გელოვანის ნეშტს საქართველოში ჩამოასვენებენ

8 მაისს 27 წლის გმირის, ქართველი პოეტის მირზა გელოვანის ნეშტს სამხედრო ბალდახინით თბილისში გადმოასვენებენ. ამის შესახებ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ თამაზ ტყემალაძემ გადაცემაში „ჩვენი დილა“ განაცხადა.
თამაზ ტყემალაძის თქმით, მირზა გელოვანის საფლავს 1979 წელს მიაკვლია, როდესაც ქართველ სტუდენტებთან ერთად სმოლენსკის ოლქში იმყოფებოდა.
„ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკებები ბელორუსიის მხარესთან. ტექნიკური დეტალების შეთანხმების შემდეგ მირზა გელოვანის ნეშტს საქართველოში გადმოასვენებენ“, – ამბობს თამაზ ტყემალაძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია ამ ფაქტის ამსახველ ფილმს გადაიღებს. გადმოსვენებისა და დაკრძალვის ცერემონიალს მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებელის პირდაპირი ეთერით ნახავს. ქართველი პოეტი, კაპიტანი მირზა გელოვანი დაკრძალულია ბელორუსიაში, ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე. დივიზია, რომელშიც მირზა გელოვანი იბრძოდა, ამ სოფელში გერმანელებთან შეტაკებისას თითქმის მთლიანად განადგურდა. ქართველი კაპიტანი სანიკის მცხოვრებლებმა მიწას მიაბარეს. მირზა გელოვანის ნეშტს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში 9 მაისს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები