სპექტაკლ „საქართველოს“ პრემიერა გაიმართება
8 მარტს, 12:00 და 20:00 საათზე მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში „მუზა“, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლ „საქართველო“ პრემიერას.
სპექტაკლის ინსცენირება, რეჟისურა და სცენოგრაფია ნიკოლოზ საბაშვილს ეკუთვნის, მუსიკალური გაფორმება – თამაზ იმნაძეს. ეს არის თოჯინების თეატრის პირველი სპექტაკლი, რომელიც შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. საქართველოს ისტორია – მრავალი გადატანილი ომის, მტერთან თავდაუზოგავი ბრძოლის ისტორია… მოუსვენარი ცხოვრება ქვეყნისა, რომელსაც ძიძგნიდნენ, ჭამდნენ, მაგრამ მაინც მუდამ გაისმოდა ჩვენი – ქართველების სიმღერისა და ცეკვის ხმა! დიახ, ყველგან და ყოველთვის ისმოდა ეს ხმა – შრომის, მოსვენების, გაჭირვებისა თუ ლხინის დროს! და მერე ვინმე, უცხო ქვეყნიდან მოსული, მხრებს აიჩეჩავდა და იტყოდა – ეს ქართველები რა უცნაური ხალხია – სულ ომი აქვთ და რა აცეკვებთ, ან რა ამღერებთო… „ჩვენ გიამბობთ საქართველოს ისტორიას, გიამბობთ სიმღერით, ცეკვითა და ბრძოლით! გიამბობთ სევდანარევი სიყავრულით… ეს იქნება ჩვენი ხელებით ნაამბობი საქართველოს ისტორია – ხელებით, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ!“