მაია ჩიჯავაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
4 მარტს, 19:00 საათზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჰოლანდიაში მცხოვრები კონცეპტუალისტის მაია ჩიჯავაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები მხატვრის მიერ შექმნილი და შემუშავებული ინოვაციური ტექნოლოგიით. დამთვალიერებელი ნახავს სამგანზომილებიან მასშტაბურ ინსტალაციას, შექმნილს მაია ჩიჯავაძის საავტორო პროექტის ფარგლებში „სმენით აღქმულის სუბლიმაცია ვიზუალურ ხელოვნებაში“.
ინსტალაცია 174 ავტორის ნამუშევრისგან შედგება, რომლებიც შესრულებულია წყლის, ცეცხლის და ქარის ხმების თემაზე და გაერთიანებულია მაია ჩიჯავაძის მიერ ერთ მთლიან კონცეპტუალურ კომპოზიციაში სახელწოდებით „უსასრულობა“. პროექტი გახორცილდა ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსებით ჰოლანდიის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM – Netherlands-ის ეგიდით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით და ზურაბ წერთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მხარდაჭერით.