თამარ ბერუჩაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 28-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტში მონაწილეობს. მინისტრი სესიის გახსნას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა ადამიანის უფლებების სფეროში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო სტრატეგიას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ შემაშფოთებელ მდგომარეობაზე, სადაც გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების უხეში დარღვევა. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმსა და ცხინვალში მოქმედ საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. „ხელშეკრულებების” გაფორმება და შესრულება კიდევ უფრო დაამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობას.
გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესია, რომელმაც ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინისტრმა გამოხატა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მომავლისადმი.