ავიარეისებთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის შეთანხმებას ვადა ხვალ ეწურება
ავიაფრენებთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის შეთანხმებას ვადა ხვალ ეწურება. რუსულ კომპანიებს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით 18 ავიარეისის შესრულების უფლება ჰქონდათ. კომპანია „აირზენაში“ აცხადებენ, რომ ამ შეთანხმებას საქართველოსთვის არანაირი დადებითი შედეგი არ მოუტანია.
კომპანია „აირზენას“ დირექტორი, იასე ზაუტაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება აღნიშნულ შეთანხმებას ან არ გააგრძელებს, ან ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით ფრენის შესაძლებლობას ქართულ ავიაკომპანიებსაც მისცემს.
„ჩვენს კომპანიას „ჯორჯიან ეარვეისს“, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებდა აღნიშნულ მარშუტზე ფრენებს, დღეს სერიოზული კრიზისი გააჩნია. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად სერიოზული ზარალი გვაქვს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო კიდევ ერთხელ გაანალიზებს აღნიშნული გადაწყვეტილების მართებულობას და ყველა ქმედით ღონისძიებას განახორციელებს იმისთვის, რათა საკითხი დარეგულირდეს“, – განაცხადა იასე ზაუტაშვილმა.