ახალციხის რაიონულმა სასამართლომ „თავისუფალი დემოკრატების“ სარჩელი დააკმაყოფილა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ „თავისუფალი დემოკრატების“ სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე უნდა აღადგინონ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე შალვა გოგოლაძე.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკრებულომ შალვა გოგოლაძეს 4 500 ლარიც უნდა გადაუხადოს.
„თავისუფალი დემოკრატები“ ამბობენ, რომ გოგოლაძე თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც ირაკლი ალასანიამ კოალიცია დატოვა.
„დღეს ახალციხეში ერთი უსამართლობა დავამარცხეთ, ხვალ მთელ საქართველოში დიდ უსამართლობას დავამარცხებთ. ეს არის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან კარგი პრეცედენტია. სამართლიანობა აღდგა და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც ასეთი ღირსეული პიროვნებაა, პარტიული კუთვნილების გამო იყო გათავისუფლებული თანამდებობიდან. სასამართლომ ეს უსამართლობა გამოასწორა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.