გოჩა რატიანმა ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ვაშინგტონში ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. ფორუმი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში კორუფციის რისკების შესამცირებლად მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიიღო.
პანელში „კორუფცია მტერი ნომერი 1“ გოჩა რატიანმა თავდაცვის უწყებაში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მტკიცე ნება გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რაც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ეფექტური ანტიკორუფციული გარემოს ჩამოყალიბებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისთვისაა აუცილებელი.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გოჩა რატიანი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა. მან ამერიკის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვდა. მხარეებმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამაში ქართველი სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლების მონაწილეობასა და მიღებული განათლების მომავალში მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში ამჟამად სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებსაც გაესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები