„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში ახალი სამსახურის შექმნას აპროტესტებს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში ახალი სამსახურის შექმნას აპროტესტებს. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარია „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრზე“, რომლის შექმნის საკითხის განხილვაც თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არის დაგეგმილი.
ზაზა ვეკუა დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებას მერიაში ახალი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით გაუმართლებლად მიიჩნევს. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მოდის.
„მერიაში შესაბამისი სამსახური უკვე არსებობს. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური, რომელზეც მილიონამდე ლარია გამოყოფილი და სადაც ათეულობით თანამშრომელი მუშაობს. ამიტომ ახალი სამსახურის შექმნა მხოლოდ არსებულის დუბლირებაა“, – აღნიშნა ზაზა ვეკუამ და საკრებულოს წევრებს ახალი სამსახურის შექმნაზე პასუხისმგებლობის აღებისგან თავის შეკავება მოუწოდა.