პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრთან, თედო ჯაფარიძესთან ერთად, ერთკვირიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ ოფიციალურ შეხვედრას, დავით უსუფაშვილი და თედო ჯაფარიძე 2 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვიქტორია ნულანდთან გამართავენ. ვიზიტის პროგრამის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან. დაგეგმილია, აგრეთვე, გამოსვლები და შეხვედრები ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, მსოფლიო ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან ბობ ზოელიკთან, საერთაშორისო ორგანიზაციის – „ფრიდომ ჰაუზის“ პრეზიდენტთან მარკ ლაგონთან, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის პრეზიდენტთან უილიამ ბერნსთან, ატლანტიკური საბჭოს დელეგაციასთან, ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტთან სტროუბ ტალბოტთან და ფონდის – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ პრეზიდენტთან, კარლ გერშმანთან. ატლანტიკურ საბჭოში პარლამენტის თავმჯდომარეს საჯარო გამოსვლა ექნება, ხოლო ფონდში „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ იგი მონაწილეობას მრგვალ მაგიდაში მიიღებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, დავით უსუფაშვილი შეხვდება და ინტერვიუებს მისცემს საერთაშორისო მედია გამოცმების – „ნიუ იორკ თაიმსის“ ( New York Times), „რადიო თავისუფლების“ ( Radio Free Europe/Radio Liberty Washington), „ფორინ პოლისის“ (Foreign Policy), „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ( Wall Street Journal) და „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციის ( Voice of America Georgian Language Service) წარმომადგენლებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში ვიზიტს 6 მარტს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები