პაატა ზაქარეიშვილმა და გია ვოლსკიმ ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და სამშვიდობო პროცესის შესახებ დიალოგში მიიღეს მონაწილეობა

ორგანიზაცია “შერიგების რესურსების” ორგანიზებით, 24-27 თებერვალს, ლონდონში შეხვედრა-დიალოგი შედგა, რომელიც, ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტსა და სამშვიდობო პროცესს მიეძღვნა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თანამდებობის პირები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ორივე მხარეს წარმოადგენდნენ. შეხვედრა-დიალოგის მუშაობას საერთაშორისო ექსპერტებიც შეუერთდნენ. შეხვედრაზე შეიქმნა ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მოსაზრებები და გაეანალიზებინათ ის შესაძლებლობები და დაბრკოლებები, რაც სამშვიდობო პროცესში არსებობს.
შეხვედრაზე განიხილეს ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. მონაწილეებმა ერთად გაანალიზეს მიმდინარე სიტუაცია. მიმდინარე გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, გაცვალეს მოსაზრებები და განიხილეს საკითხები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა ცხოვრებაზე. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, გამოეკვეთათ თავიანთი საზოგადოებების ინტერესები და პოზიციები, აგრეთვე, არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების მიმართ წარმოედგინათ თავიანთი ხედვები. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ინფორმაციის გაცვლისთვის სადისკუსიო მოედნების მნიშვნელობას, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს და გაუმჯობესდეს ურთიერთგაგება მხარეებს შორის.
მონაწილეები მიესალმებიან არაფორმალური და არაოფიციალური დიალოგის არსებულ შესაძლებლობას და აღნიშნეს, რომ აუცილებელი არაა, ამ ტიპის შეხვედრები გადაწყვეტილების მიღებაზე იყოს ორიენტირებული.
აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დაურ არშბა, მანანა გურგულია, ბათალ ტაბაღუა და ინალ ხაშიგი. ქართული მხრიდან – უმრავლესობის წევრი დეპუტატი გიორგი ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აგრეთვე გიორგი ქაჯაია, მიხეილ მირზიაშვილი, ქეთევან ჭუმბაძე და მარინა ელბაქიძე. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, “შეხვედრაზე ყველა მონაწილე წარმოადგენდა მხოლოდ საკუთარ თავს”.
შეხვედრა მიმდინარეობდა Chathamჩ House-ის წესებით. შეხვედრა-დიალოგი ორგანიზებული იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “შერიგების რესურსების” (ლონდონი) მიერ, რომელსაც კავკასიაში მუშაობის ორი ათწლეულის გამოცდილება აქვს. შეხვედრის ფასილიტატორები იყვნენ რეიჩელ კლოგი, ჯონათან კოენი და მირა ზოვაკარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები