თამარ ბერუჩაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის 28-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში იმყოფება, სადაც 2-5 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 28-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტში მიიღებს მონაწილეობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ბერუჩაშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე. მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა სესიის ფარგლებში, 3 მარტს თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს განიარაღების კონფერენციის 2015 წლის სხდომაში, სადაც ასევე სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ჟენევაში გაერო-ს განყოფილების მოქმედ გენერალურ დირექტორთან, ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, გაერო-ს ევროპისთვის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანთან და ა.შ. დაგეგმილია შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები