ჩუღურეთის რაიონში მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა
ჩუღურეთის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, აღმაშენებლის გამზირზე მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ მოეწყო. მარათონმა სტარტი N24 სკოლიდან აიღო და მარჯანიშვილის მოედანზე დასრულდა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარათონში ჩუღურეთის რაიონის 14 სკოლის 280 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიებაში, ასევე, თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე, ტრანსპორტის სამსახურის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი რიმა ბერაძე მონაწილეობდნენ.
მერის მოადილემ გიორგი სოლომონიამ რაიონის ახალგაზრდობას და მთელ საქართველოს გაზაფხულის დადგომა მიულოცა.
„მარათონი გაზაფხულის პირველი დღის დადგომას უკავშირდება. გვინდოდა, მოზარდთათვის, სწორედ, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციით მიგველოცა ეს დღე“,- განაცხადა გიორგი სოლომონიამ.
ჩუღურეთის გამგებელმა კი აღნიშნა, რომ მარათონი „ჩემი გაზაფხული“ ერთგვარ ტრადიციად უნდა იქცეს.
„გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, ადამიანების განწყობაც ამაღლებულია, დღევანდელი მარათონით გვინდა მაგალითი მივცეთ ჩვენს თანაქალაქელებს, უბნელებს, რომ უფრო მეტად დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყვნენ მუდმივად ფორმაში და აიმაღლონ განწყობა“,- განაცხადა ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩუღურეთის გამგეობა მსგავსი აქციების მოწყობას მომავალშიც გეგმავს.