დიტო ცინცაძის ფონდის შვილობილი ლეიკემიისგან განიკურნა

დიტო ცინცაძის ფონდის შვილობილი, 5 წლის ლიკა კაპანაძე, ლეიკემიისგან განიკურნა.
ლიკა დედასთან ერთად საქართველოში დღეს, გამთენიისას დაბრუნდა. გოგონას 75000 აშშ დოლარის ღირებულების ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია იტალიის ქალაქ ვერონაში ჩაუტარდა.
გოგონას აეროპორტში ოჯახის წევრები, დიმიტრი ცინცაძის ფონდის წარმომადგენლები და ფონდის დამფუძნებელი კახა ჯანაშვილი დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ კახა ჯანაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, ერთად იბრძოლონ იმ ბავშვების გადასარჩენად, რომლებსაც თითოეული მოქალაქის მხრიდან დახმარება ესაჭიროება.

„ეს იმის ნიშანია, რომ ლეიკემია იკურნება და ჩვენ, ყველამ დროულად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ბავშვებს დროულად გავუწიოთ დახმარება და გადავრჩინოთ ისინი. ამიტომ კიდევ ერთხელ, ყველას მოგიწოდებთ, ამ ბავშვების გადასარჩენად ვიბრძოლოთ“, – განაცხადა კახა ჯანაშვილმა.

ლიკა კაპანაძე იტალიაში 15 თვეს მკურნალობდა. მას ლეიკემიის დიაგნოზი 3 წლის ასაკში დაუსვეს. გოგონას მხოლოდ ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროებოდა.
ლიკა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით ვერონაში 2013 წლის 22 ნოემბერს გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები