„თუ ეროვნულ ბანკს ლარის კურსის ვარდნის შეჩერება შეეძლო და უმოქმედოდ იყო, მაშინ ქადაგიძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლარის კურსის ვარდნასთან მიმართებაში ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საკითხი შესწავლასა და ანალიზს საჭიროებს, ხოლო თუ ამ ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ეროვნულ ბანკს განვითარებული პროცესების შეჩერება შეეძლო და ეს არ გააკეთა, ამ შემთხვევაში, მაღრაძის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
„ხელისუფლებამ და საფინანსო ინსტიტუტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ლარის კურსის ცვალებადობა მოსახლეობისთვის რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს. გარკვეული გარემოებების გამო მე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ნდობა არასდროს მქონდა. ეროვნულ ბანკს რეზერვები აქვს და მან უნდა გადაწყვიტოს, როდის არის, ან არ არის ჩარევა საჭირო. ეროვნულმა ბანკმა უნდა დაარეგულიროს გარკვეული ფინანსური პრობლემები ქვეყანაში. ფაქტია, რომ ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა გაჩერებისა და ჩაურევლობის უფლება, როცა ასეთი სისწრაფით ვითარდებოდა ქვეყანაში პროცესები, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაზე ასეთი უარყოფითი შედეგები ჰქონდა. მე მიმაჩნია, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა ყველა ფინანსურმა ორგანიზაციამ და, მით უმეტეს, ეროვნულმა ბანკმა უნდა აიღოს. უნდა ახსნას მან, რატომ იყო ამდენი ხანი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ასეთ მდგომარეობაში და რატომ არ ერეოდა ამ პროცესებში. საჭიროა ანალიზი იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობა ჰქონდა ბანკს და რა ვერ, ან არ გააკეთა. თუკი შეეძლო ამ პროცესების შეჩერება ეროვნულ ბანკს და არ გააკეთა, მაშინ, ბუნებრივია, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები