კახა კალაძის მოადგილეების პრემიები იგივე ოდენობის სახელფასო დანამატებით ჩანაცვლდა
პრემიების გაცემის პერიოდულობასა და ოდენობაზე შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტროში, მინისტრის მოადგილეების ყოველთვიური პრემიები იგივე ოდენობის სახელფასო დანამატებით ჩანაცვლდა. ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია აღნიშნული.
როგორც IDFI აცხადებს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილებით, დამტკიცდა საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, რომლის მიხედვითაც მთავრობის მმართველობის სფეროში შემავალ უწყებებში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის პერიოდულობა და მაქსიმალური ზღვარი დარეგულირდა. მათივე ცნობით, აღნიშნული დადგენილება მხოლოდ საჯარო მოსამსახურეთა პრემიებით წახალისების სისტემის დარეგულირებას ითვალისწინებს და სახელფასო დანამატების შესახებ არაფერია ნახსენები. „შესაბამისად, მთელ რიგ საჯარო დაწესებულებებში აღნიშნული დადგენილების გამოცემის შემდგომ, პრემიები სახელფასო დანამატებით ჩანაცვლდა და შრომის ანაზღაურების სისტემა კვლავ დასარეგულირებელი დარჩა. ენერგეტიკის მინისტრის თითოეულ მოადგილეზე, მთავრობის N449 დადგენილების მიღებამდე, ყოველთვიურად 5 500 ლარის ოდენობის პრემია გაიცემოდა. ვინაიდან აღნიშნული დადგენილებით პრემიების გაცემის პერიოდულობასა და ოდენობაზე შეზღუდვები დაწესდა, ენერგეტიკის სამინისტროში ყოველთვიური პრემიები იგივე ოდენობის სახელფასო დანამატებით ჩანაცვლდა“,- ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.