სალომე ზურაბიშვილი წინა ხელისუფლებას ისტორიის გაყალბებაში ადანაშაულებს

მე მაჩვენეს ერთ-ერთი კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, სადაც ეწერა, რომ 2005 წელს საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე დოკუმენტს ხელი მოაწერა თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ მამუკა კუდავამ, – ამის შესახებ “კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, იყო მთავარი მომლაპარაკებელი, რომელმაც შეთანხმებას მიაღწია საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ.

რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის შესახებ დოკუმეტს 2005 წლის 19 მაისს საქართველოს მხრიდან ხელი სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთის მხრიდან კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოაწერეს.

მამუკა კუდავას გვარი ფიქსირდება, მოგვიანებით ამავე თემაზე ხელმოწერილ ტექნიკური ხასიათის დოკუმენტზე, რომელსაც საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის ტექნიკური მხარეები უნდა განესაზღვრა.

პრინციპული დოკუმენტი გაფორმდა საქართველოს და რუსეთის საგარეო უწყებების ხელძღვანელი პირების მიერ.

“საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში შეცვალეს ისტორია თავინათ სტილში ამოიღეს ის ფაქტი, რომ დოკუმენტზე მე ვაწერდი ხელს, იქ ნათქვამი იყო, რომ დოკუმენტი კუდავას მიერ გაფორმდა. ეს არის შეუფერებელი და უღირსი საქციელი იმ რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც თავს ულტრაპროდასავლური პრინციპების მხარდამჭერებად ასაღებდნენ თავს. ეს სახელმძღვანელო მე ვნახე თუ არ ვცდები 2007 წელს“, – განუცხადა “კვირას“ სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა “კვირასთან“ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის შესახებ 2005 წელს ხელმოწერილ ტექსტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ ბაზების გაყვანის შეთანხმების თაობაზე მის მიერ 2005 წელს ხელმოწერილ ტექსტში ცალკე აბზაცი ეთმობოდა გუდაუთის საკითხს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქართული მხარის მიერ მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სამომავლოდ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდოდნენ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, ეს იყო პრინციპული ხასიათის დოკუმენტი, რომელშიც რაიმე შინაარსობრივი სახის ცვლილების შეტანა არ შეიძლებოდა. თუმცა, აღნიშნულ თემაზევე მოგვიანებით, 2006 წლის დასაწყისში ხელი მოეწერა კიდევ ერთ, ტექნიკური შინაარსის ტექსტს. აღნიშნულს ხელი საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის მოადგილემ, მამუკა კუდავამ მოაწერა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სწორედ აღნიშნული დოკუმენტიდან “გაქრა“ გუდაუთის შესახებ აბზაცი. მაშინ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს აღარ იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები