ვაზიანში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების დაგეგმვის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების „მაღალი დონის პარტნიორობის“ (Noble Partner) დაგეგმვის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ საქართველოში პირველად ჩატარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად სრულყოფილად მზადყოფნას ისახავს მიზნად. კონფერენციას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. გენერალ-მაიორმა ამერიკელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისათვის და ქართულ ქვედანაყოფს წარმატება უსურვა. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე მაისში ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორთა „ბრედლებისა“ და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები