საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ასე იწყებოდა რუსული აგრესია საქართველოშიც
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოფიციალური თბილისი რუსეთის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში კატეგორიულად გმობს. პორტალი “კვირა” სამინისტროს განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას უკრაინაში, ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა გადაწყვეტილება უკრაინაში, ყირიმში რუსეთის მოქალაქეთა დაცვის საბაბით და მდგომარეობის „სტაბილიზებამდე” დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ, რაც, ფაქტიურად, სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებას ნიშნავს და ამას აკეთებს რუსეთი, რომელიც 1994 წლის 5 დეკემბრის ბუდაპეშტის დეკლარაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების ურღვევობის გარანტორია.
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას სასწრაფოდ მიიღოს გადაუდებელი ზომები სიტუაციის ესკალაციის აღსაკვეთად და მიმართოს ყველა შესაძლო ძალისხმევას, რათა არ დაუშვას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესები სავალალო განვითარებას მიიღებს და ამ მორიგი ინტერვენციის შედეგად, ევროპაში ახალი ოკუპაციის მომსწრენი გავხდებით, რისი მაგალითიც საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი.
ასე იწყებოდა რუსული აგრესია საქართველოშიც, რაც ქვეყნისათვის უმძიმესი შედეგებით – ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა და დღემდე საერთაშორისო საზოგადოება უძლურია, აიძულოს რუსეთი შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება საქართველოდან ჯარის გაყვანის შესახებ. რუსეთის ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების მნიშვნელობას და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების დაუყოვნებლივი ამოქმედების აუცილებლობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დესტაბილიზაცია მივიღოთ არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ რეგიონში, რაც ყველასთვის უმძიმესი შედეგებით დასრულდება”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.