საკრებულოში თბილისის რამდენიმე სკვერის მოწყობაზე იმსჯელეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.
სხდომას დედაქალაქის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს 2 საკითხი წარუდგინა და კომისიის წევრებს მათი ბიუროს სხდომაზე დასამტკიცებლად თანხმობის მიცემა სთხოვა.
გარემოს დაცვის კომისიის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ტერიტორიაზე ბაღ-სკვერებში, პარკებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის, სამუშაო შესრულებისა და მიწოდებული ვადების კონტროლზე იმსჯელეს.
ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება მთლიანობაში 76510, 00 ლარს შეადგენს. მეორე საკითხი რუსთაველის #25-ში მდებარე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ არსებული სკვერების მოწყობის სამუშაოებს შეეხებოდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 723063,99 ლარია.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა დეპუტატებს აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ხარჯთაღრიცხვა დეტალურად წარუდგინა. გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის მიერ წარმოდგენილი პროგრამები საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გავა.