ილიაუნის თეატრში სპექტაკლ „ჭირვეულის მორჯულების“ – პრემიერა გაიმართება

19, 20 და 21 თებერვალს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, მიმდინარე თეატრალურ სეზონზე რიგით მეორე პრემიერა გაიმართება.
უილიამ შექსპირის პიესაზე „ჭირვეულის მორჯულება“ რეჟისორმა ოთარ ეგაძემ, ძირითადად, ილიაუნის თეატრის ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად იმუშავა. სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა.
„ჭირვეულის მორჯულება“ უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პიესა, რომელიც, სავარაუდოდ, 1590–1594 წლებს შორის უნდა იყოს დაწერილი, დრამატურგის შემდგომი კომედიებისაგან მკვეთრად განსხვავდება. აღსანიშნავია, რომ პიესაში ქალისა და მამაკაცის როლები თანაბარი მნიშვნელობისაა, რაც შექსპირის დრამატურგიაში გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს.
რას ეხება უილიამ შექსპირის ერთ-ერთი პირველი პიესა, იკითხავთ თქვენ.
როგორ გავირთოთ თავი, თუ ნადირობით დაღლილი უცაბედად მთვრალ მკალავს გადავეყრებით? როგორ მოვარჯულოთ ჭირვეული ცოლი? თუ პირიქით, როგორ შევაყვაროთ თავი ქმარს? ან იქნებ ეს პიესა იმის შესახებაა, რა მარტივად შეგვიძლია ჰარმონიული ოჯახის შექმნა, თუ შევთანხმდებით, რომ სხივნათელ მზეს შუქჭარბად მოციმციმე მთვარე ვუწოდოთ, ხოლო სახემჭკნარსა და ფერყვითელ მოხუცს კი – ტურფა ქალბატონი? თავად განსაჯეთ – ილიაუნის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები ორ მოქმედებაში გაითამაშებენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ „ოჯახური თანაცხოვრების პრაქტიკულ სახელმძღვანელოს“, რომელიც საუკუნეების წინ მათი ხნის უილიამ შექსპირმა ხუთტერფიან იამბებად გალექსა.
სპექტაკლში ჟღერს ბრიტანული ფოლკლორი, იტალიური ხალხური სიმღერები და საცეკვაო მელოდიები; ორლანდო გიბონსის მადრიგალი „Drop, Drop Slow Tears“ და თომას თალისის ქორალი „If Ye Love me“.
კოსტიუმები სპექტაკლისთვის შექმნა ციცინო ციცხვაიამ. დეკორაცია დამზადდა ილიაუნის თეატრის სახელოსნოში.

11004831_812515345464186_1463024229_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები