მოხსენება – „ვიდეოგამოსახულება კონტექსტით ან უკონტექსტოდ“

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გრძელდება საჯარო შეხვედრების ციკლი. 18 თებერვალს, 13:00 საათზე კინომცოდნე-ჟურნალისტის, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტისა და მიწვეული ლექტორის, კულტურის განვითარების ფონდის „აჰუაჰუს“ ხელმძღვანელის, ანუკა ლომიძის მოხსენება „ვიდეოგამოსახულება კონტექსტით ან უკონტექსტოდ“ გაიმართება.
შეიძლება ითქვას, ვიდეოარტი ერთადერთია, რომელიც კინოს ჩათვლით, ხელოვნების ყველა დარგს აერთიანებს და, ამავე დროს, კინოს შესაძლებლობების ერთგვარი გაგრძელებაა, რომელმაც 60-იან წლებში „მეშვიდე მუზის“ განვითარების გზიდან ოდნავ გვერდით გადაუხვია და სამყაროსადმი ახლებური მიდგომა, ხედვა და გარემოს ასახვისა თუ აზრის გადმოცემის განსხვავებული ესთეტიკა დაამკვიდრა.
ტექნიკური შესაძლებლობების მრავალფეროვნებამ და თვითგამოხატვის ახალი გზების ძიებამ არტისტები ვიდეოშესაძლებლობების უსასრულობაში მოახვედრა. მომხსენებელი ეცდება, გამოკვეთოს ზუსტად, რა არის ვიდეოარტი და სად გადის ზღვარი ავანგარდის პერიოდის ექსპერიმეტულ ფილმებსა და 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს არტისტების მიერ შექმნილ ვიდეოგამოსახულებებს შორის, რომლებსაც ვიდეოტექნიკით შესრულების გამო, ვიდეოარტად მოიხსენებენ.
ფაქტი ერთია – ვიდეოფირზე აღბეჭდილი გამოსახულება, რომელიც გარკვეულ კონტექსტში რიგით ვიდეოკადრად, გარკვეულ კონტექსტში კი ვიდეოარტად აღიქმება, ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები