ომბუდსმენი მოხეში მდებარე შენობასთან დაკავშირებით კომისიაში ჩართვას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ საქმიანობაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას ითხოვს.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, კომისიამ ვერ უზრუნველყო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და სახალხო დამცველის ჩართულობა კომისიის სხდომებში.
„ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შემდგომ, საქართველოს სახალხო დამცველმა, მისი მანდატის გათვალისწინებით, მიმართა სსიპ რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში სახელმწიფო სააგენტო), „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ (შემდგომში კომისია) საქმიანობაში დამკვირვებლის სტატუსით მის ჩართვასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, კომისიის შექმნიდან, 2014 წლის დეკემბრიდან დღემდე, კომისიამ ვერ უზრუნველყო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და სახალხო დამცველის ჩართულობა კომისიის სხდომებში. უფრო მეტიც, სახელმწიფო სააგენტოს მიერ, 2015 წლის 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველისათვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია:
„ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ძირითადი – განუსხვისებელი ქონების სახით, კლუბის სტატუსით, რიცხულ შენობასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, შენობის ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობის ჭრილში და არა საკუთრების ან/და რწმენის თავისუფლების, ან სხვა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ჭრილში. ამდენად, კომისიის საქმიანობა სცილდება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის რეგულაციას“.
ამავე წერილის თანახმად, კომისია წარმოადგენს მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შექმნილ სათათბიროს, რომლის უფლებამოსილებაში არ შედის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება. ამასთან, კომისიის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა არ არის საჯარო მოხელე და არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას ფორმატიდან გამომდინარე. ამდენად, კომისიის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის 1 პუნქტის რეგულაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, განსახილველი საკითხის მიმართ დიდი საჯარო ინტერესის არსებობის გამო, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, როგორც კომისიაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მხარე, არ არის წინააღმდეგი საქართველოს სახალხო დამცველი დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთოს კომისიის საქმიანობაში.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას“. აღნიშნული ნორმა საქართველოს სახალხო დამცველს ანიჭებს უფლებამოსილებას მონიტორინგი განახორციელოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ქვეყანაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში სადავო შენობის დანიშნულებისა და კუთვნილების საკითხმა ადილობრივ მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია და შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ადამიანის ისეთ ძირითად უფლებაში ჩარევას, როგორიცაა რელიგიის თავისუფლება, ისევე როგორც მართლმადიდებელ და მუსლიმ თემს შორის სოციალური მშვიდობისა და თანაცხოვრებისათვის საფრთხის შექმნას, საქართველოს სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს დამკვირვებლის სტატუსით და განახორციელოს ამ პროცესის მონიტორინგი.
შესაძლოა კომისიის მსჯელობის საგანს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ძირითადი – განუსხვისებელი ქონების სახით, კლუბის სტატუსით, რიცხულ შენობასთან დაკავშირებული გარემოებების ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობის ჭრილში შესწავლა წარმოადგენდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი მუსლიმი და მართლმადიდებელი თემი სადავო შენობის წარსულში რელიგიურ დანიშნულებაზე მიუთითებენ, კომისიის მუშაობის არეალიდან ადგილობრივი მოსახლეობისა თუ დაინტერესებული პირების უფლებრივი საკითხის გამორიცხვა და ამ თემის რელიგიის თავისუფლების მიღმა განხილვა, არამართებული, მიზანშეუწონელია და იმთავითვე არასწორად წარმართავს კომისიის მუშაობას.
რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მსჯელობისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა მოარგოს სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები ერთმანეთს, რათა ნეიტრალურად და მიუკერძოებლად დაიცვას მორწმუნეთა შორის სოციალური მშვიდობა და ურთიერთგაგება (კოკინაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ, 1993, §33).
სწორედ ნეიტრალიტეტზე და მიუკერძოებლობაზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიულობა და პლურალიზმი (ბესარაბიის სამიტროპოლიტო ეკლესია და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ, 1999, §115–116).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვეყანას არ აქვს იმის დისკრეციული უფლებამოსილება შეამოწმოს თუ რამდენად ლეგიტიმურია ადამიანთა რწმენა ან საშუალებები რითიც ის გამოიხატება (მანოსაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ, 1996, §47). სახელმწიფოს როლი ის კი არ არის, რომ პლურალიზმის გაუქმებით აღმოფხვრას სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაძაბულობის მიზეზი, არამედ ხელი შეუწყოს, რომ ამ ჯგუფებმა ერთად თანაცხოვრება შეძლონ (სერიფი საბერძნეთის წინააღმდეგ, 1999, §53).
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით, არამარტო სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე ახორციელებს ზედამხედველობას, არამედ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სახალხო დამცველი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას, ავლენს პირდაპირი დისკრიმინაციის და ირიბი დისკრიმინაციის ფაქტებს და ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის შედეგების აღმოსაფხვრელად.
ამდენად, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ იმის მტკიცება, რომ კომისიის მუშაობა სცდება საქართველოს სახალხო დამცველის მანდატს, არამართებულია.
ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველისთვის, სამწუხაროდ, ამ დრომდე უცნობია კომისიის საქმიანობის ფორმატი. მოთხოვნის მიუხედავად, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არ წარმოუდგენია კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაციის (შექმნის შესახებ ბრძანება, დებულება და ა.შ) ასლები.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებულ საკითხის შესწავლას და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნასა და სურვილს, დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთოს „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ საქმიანობაში და იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული საკითხი უახლოეს დღეებში დარეგულირდება“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები