დავით კერესელიძე საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის მიწვევაზე განმარტებას აკეთებს

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე მიიჩნევს, რომ უწყებაში უკრაინის ელჩის მიწვევის გამო აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას, რადგან ელჩის საგარეო უწყებაში მოწვევა პირველად არ ხდება.
კერესელიძის განმარტებით, ელჩი მოიწვიეს, იმიტომ რომ ელჩი არის სახელმწიფოს წარმომადგენელი სხვა ქვეყანაში და ასეთი ურთიერთობა ხშირად არის, როდესაც ბევრ საკითხზე სასაუბროდ ხდება ელჩის მოწვევა.
როგორც კერესელიძემ აღნიშნა, სხვა საკითხებთან ერთად, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი უკრაინაში ბოლოდროინდელ დანიშვნაზე, თუმცა კონკრეტულად რა კითხვები ექნებათ ელჩთან მიმართებაში, ამას ის ვერ დააზუსტებს.
„კიდევ ერთხელ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებ, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს და აუცილებლად გვექნება მეგობრული ურთიერთობა. დღეს უკრაინაში შექმნილი ვითარება არის რთული, უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, ამიტომ მის გვერდით ყოფნა და თანადგომა არის უპირველესი”, – განაცხადა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, რაც არ უნდა მოხდეს პარტნიორობას და კეთილმეზობლობას უკრაინასთან ხელს არაფერი შეუშლის, მათ შორის, არც ბოლოდროინდელი დანიშვნა. მანვე აღნიშნა, რომ ერთგვარად გასაკვირი იყო მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები