ივანიშვილი საეჭვო ტენდერების კვლევის მიზნით ეკონომიკური გუნდის შექმნას აანონსებს
ყოფილი პრემიერი-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საეჭვო ტენდერების კვლევის მიზნით ეკონომიკური გუნდის შექმნას აანონსებს.
ბიძინა ივანიშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გამოეხმაურა რეგიონული თვითმმართველობების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უინიციატივოა, მაჟორიტარი დეპუტატები ლამის ფეოდალებად არიან გადაქცეულნი და ხშირად ფული გამოყოფილია, მაგრამ საქმე არ კეთდება.
“ჩვენც ჩავერთვებით ტენდერების კვლევაში. კითხვები თუ არსებობს, მათი დიდი ნაწილი, ჩემი აზრით, ობიექტურია. მეც ვუერთდები ამ კითხვებს და იმ ტენდერებთან დაკავშირებით, სადაც ეჭვები იქნება, ეკონომიკურ გუნდსაც შევქმნით, რომ გამოვიკვლიოთ. ვერ დაგეთანხმებით, რომ ფეოდალებად გადაიქცნენ დეპუტატები.
მაგრამ, შესაძლოა, გარკვეული გამოვლინებები იყოს. ჩემი პრემიერობის დროსაც ზოგიერთ დეპუტატთან ამაზე მკაცრად მისაუბრია. თუმცა, ამას საგანგაშო მასშტაბი არ ექნება. ისევ და ისევ ადგილობრივ თვითმმართველობაზე გავამახვილებდი ყურადღებას – მმართველობა ადგილებზე უნდა გადავიტანოთ, გამგებლებს მეტი უფლებები უნდა მივცეთ და ეს ზემოდან ვერტიკალით არ უნდა იყოს გამყარებული. ეს პროცესი დაწყებულია და ამან შესაძლოა, გარკვეულწილად დააზიანოს ის ვერტიკალი, რომელიც თუნდაც შარშან არსებობდა. შესაძლოა, რეგიონებში არსებობს საკადრო პრობლემები“, – განაცხადა ექსპრემიერმა.
მისი თქმით, გადამწყვეტი ფუნქცია და როლი ისევ და ისევ საზოგადოების ორგანიზებულობას აქვს. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების კონტროლი ყველგან და ყველაფერში უნდა იგრძნობოდეს. “გადამწყვეტი ფუნქცია და როლი ისევ და ისევ საზოგადოების ორგანიზებულობას აქვს, რაშიც მეც მინდა წვლილი შევიტანო.საზოგადოების კონტროლი ყველგან და ყველაფერში უნდა იგრძნობოდეს. ეს გაუადვილებს წესიერ მთავრობასა და პრემიერს, უფრო ეფექტური იყვნენ და ყველას დაუკარგონ იმის ილუზია, რომ საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი ამბავი განმეორდება. ჩვენ ხარისხის გაზრდა გვინდა. ამაში თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ტელეპროექტი “20/30”, რათა საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული, პროცესებში ბოლომდე ჩართული იყოს და რამე არ გამოგვეპაროს. თორემ ერთხელ გამოგვეპარა, თვალი დავხუჭეთ და მივიღეთ შედეგი “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ხელმძღვანელის სახით. თითოეული მოქალაქე უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას. საბოლოოდ კი ჩვენ უნდა მივიღოთ ევროპული სახელმწიფო და ამის მაქსიმალური ვადაა 2030 წელს. ამისთვის კი თითოეული მოქალაქის ძალისხმევაა საჭირო, თვალი არ უნდა მოვხუჭოთ“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.