წიგნის „საქართველო“ წარდგინება გაიმართება

17 თებერვალს, 19:00-ზე „ფრონტლაინ კლუბში“ ამერიკელი ჟურნალისტის თომას გოლცის წიგნის „საქართველო“ წარდგინება გაიმართება.
სპეციალურად წიგნის ქართული აუდიტორიის წინაშე წარსადგენად ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს ავტორი თომას გოლცი და მთარგმნელი გიორგი ქოიავა ეწვივნენ.
პრეზენტაციის შემდეგ თომას გოლცი საგანგებო ლექციის ჩატარებასაც გეგმავს საქართველოს ისტორიული ასპექტების შესახებ. აღნიშნული ლექცია პირველად 2009 წელს პრინსტონის უნივერსიტეტში ამერიკელი სტუდენტებისთვის წაიკითხა.
თომას გოლცმა თავიდან ბოლომდე გაიარა „ქართული ჯოჯოხეთის“ ყველა რკალი 1992 წლიდან 2008 წლამდე – ომიდან ომამდე. პირდაპირ, შეულამაზებლად, მაღალპროფესიულად ასახა ნანახ-განცდილი.
„არის ამ წიგნში რაღაც ისეთი, რაც შეგძრავს და სამუდამოდ დაგამახსოვრებს თავს. ესაა სიმართლე, შიშველი ფაქტები, რომლებსაც ყველგან ვერ წაიკითხავ, რადგან ყველა ვერ ახერხებს ასე – მიკერძოებისა და ფარისევლობის გარეშე. ძნელი და, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუძლებელიც კია იმის აღქმა, რასაც ეს ფაქტები ამბობენ, მაგრამ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას, დავინახოთ, სად დავეცით, სად დავკარგეთ თავი“.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები