შს მინისტრმა მართვის მოწმობის ვადის დაწესებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

    მძღოლები მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ გაივლიან სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას, წარმოადგენენ სათანადო დასკვნას და შემდეგ ხელახლა აიღებენ მართვის მოწმობას – ამის შესახებ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს მართვის მოწმობის ვადის დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის თქმით, არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ მოქმედებს მექანიზმი, როცა მართვის მოწმობას იღებ ერთხელ და გაქვს სამუდამოდ. “აღმოჩნდა შემთხვევები, რომ მართვის მოწმობების აღების შემდეგ მძღოლს ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები. ასევე აღმოჩნდა, რომ ადამიანებს აღებული ჰქონდათ მართვის მოწმობა და წლების შემდეგ მათ მხედველობა გაუუარესდათ. მძღოლები მართვის მოწმობაზე ვადის გასვლის შემდეგ გაივლიან სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას, წარმოადგენენ სათანადო დასკვნას და შემდეგ ხელახლა აიღებენ მართვის მოწმობას”, – განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჭიკაიძემ. მისივე თქმით, ახალი მართვის მოწმობის საფასური 15 ლარი იქნება. 2014 წლის 1 მარტიდან მართვის მოწმობები განსაზღვრული ვადით გაიცემა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის მოქმედების ვადა, რომელსაც მინიჭებული აქვს „A“, „B“, „BE“, T, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიები (ქვეკატეგორიები), იქნება 15 წელი; ხოლო იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის მოქმედების ვადა, რომელსაც მინიჭებული აქვს „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიები (ქვეკატეგორიები), იქნება 5 წელი. მართვის მოწმობის მოქმედების ვადის განსაზღვრა აგრეთვე ვრცელდება 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებზეც, კერძოდ: 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე. 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 სექტემბრამდე. 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 იანვრამდე. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მართვის მოწმობის შეცვლა მოხდება მართვის უფლების მისაღები გამოცის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარმოდგენის საფუძველზე. მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის მისი მოქმედების ვადის გასვლამდე, ხოლო ახალი მოწმობის აღების ან/და შეცვლის შემთხვევაში დღეს არსებული ღირებულება დარჩება უცვლელი. 2014 წლის 1 მარტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღები გამოცდაზე გასასვლელად, აგრეთვე, დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად ან დაზიანებული მართვის მოწმობის შესაცვლელად, სავალდებულო იქნება დაინტერესებული პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) სააგენტოში წარდგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები