მიხეილ სვანიძის საჯარო ლექცია გაიმართება
11 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი ანთროპოლოგ მიხეილ სვანიძის საჯარო ლექციას – „ნეპის შემდეგ: სტალინიზმის ყოფისა და კულტურული კონტექსტის მიმოხილვა“ გამართავს.
ლექცია ჩატარდება „საბჭოთა პარადიგმების“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში.
მომხსენებელი ისაუბრებს ყოველდღიური ცხოვრების შესახებ რეპრესიებისდროინდელ საბჭოთა კავშირში, ნეპის დასასრულიდან მოყოლებული, პირველი მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ჩართვამდე. კერძოდ კი, მოკლედ მიმოიხილავს ამ პერიოდის საზოგადოებრივი ცხოვრების სამ ასპექტს: ცენტრალური პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების კომუნიკაციას (საზოგადოებამდე მიტანას); ახალ საბჭოთა ბიუროკრატიასა და მის თავისებურებებს და „ჩვეულებრივი ადამიანის“ ცხოვრებას პოლიტიკური რეპრესიების ჩრდილში.
20-იანი წლების ბოლოს იოსებ სტალინმა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის, ანუ ნეპის დასასრული გამოაცხადა. ეს კი საბჭოთა სახელმწიფოში სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას მოასწავებდა. ამ რეალობაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცენტრალიზაცია შინაარსობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. საბჭოთა სახელმწიფომ სხვადასხვა გზით მოსპო შედარებით შეძლებული გლეხები, ე. წ. „კულაკები“, დაიწყო კოლექტივიზაცია და შექმნა ეგრეთ წოდებული ხუთწლეულების პროგრამები, განდევნა და გაანადგურა როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე პოლიტიკური ოპონენტები.
დროის მოკლე პერიოდში რადიკალური პოლიტიკური ცვლილებების კასკადი მოხდა. მათ გავლენა იქონიეს ჩველებრივი მოქალაქეების ყოფასა და ქცევაზე. სიტუაცია შედარებით მყიფე იყო, ამიტომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთი ამოცანა ის იყო, რომ საზოგადოების შედარებითი მხარდაჭერა ჰქონოდა; საჭირო იყო მათი გადაწყვეტილებების და პოლიტიკური აქცენტების ხალხამდე მიტანა და ეფექტური კომუნიკაცია. ასევე, გაჩნდნენ ახალი ტიპის საზოგადოებრივი აქტივისტები და შედარებით დაბალი დონის პოლიტიკური მოღვაწეები – ისინი, ვინც, ერთი შეხედვით, უკეთ აუღო ალღო ახალ პოლიტიკურ იმპერატივებს. და ბოლოს, „აპოლიტიკურ“ ადამიანებს რეპრესიებისგან თავის ასარიდებლად ახალი ტაქტიკების შემუშავება უხდებოდათ.
მოხსენება ძირითადად სწორედ ამ სამი საკითხის განხილვას შეეხება.
მიხეილ სვანიძე – ანთროპოლოგიის მაგისტრი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.