„ნაციონალურ მოძრაობას“ 10 ათასს ლარს თუ არ შევწირავდი, მაშინ დამიჭერდნენ“
სავაჭრო სახლ „საბას“ მფლობელი პაატა კაჭარავა წართმეულ ქონებაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და ,,მარშეს’‘ მფლობელთა მორალურ პასუხისმგებლობას ითხოვს. ბიზნესმენი სამართლიანობის აღდგენას და გამოძიების დაწყებას ითხოვს. „სამართლიანობა რომ აღდგეს, გამოძიება უნდა დაიწყოს, რითიც დადგინდება, რომ ჩუქება ზეწოლით მოხდა – მინდობილობა საპყრობილეში დავწერე. გარდა ამისა, ნაციონალებს ჩემი თანამშრომლებიც მძევლებად ჰყავდათ. კოტე ყიფიანმა მითხრა კიდეც – თქვენი თანამშრომლების საქმე ცალკეა გამოყოფილი და თუ შემდგომში გაასაჩივრებ, მათ დავიჭერთო. ამ საქმეს ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა ჰქონდა და ვიდრე ვადა არ გავიდა, არ დახურეს. სხვათა შორის, გამოძიებით ისიც უნდა დადგინდეს, სააკაშვილი სახელმწიფო ქონებას როგორ ანიავებდა.
საერთოდ, მე თუ მკითხავთ, პრეზიდენტს რამის პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისების უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგან ქონება თუ სახელმწიფოს საკუთრებაა, ესე იგი, ის საერთო-სახალხო საკუთრებაცაა და როგორ შეიძლება, ერთმა პიროვნებამ პირადი შეხედულებებით განკარგოს?! ისე, ბიზნესმენთა ნაწილი წართმეული ქონების ყიდვას ერიდებოდა და ყველაფრის მფლობელი, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს გაიყიდა, ესა თუ ის ოფშორული კომპანიაა, რომლის უკანაც ნაცმოძრაობა დგას, ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ კანონი უნდა მიიღოს, რითიც ოფშორში რეგისტრირებული ყველა კომპანიის რეალური მფლობელი გამოაშკარავდება. თუ პატიოსანი ხარ და ბიზნესს პატიოსნად აკეთებ, ოფშორში რატომ იმალები? აი, თუნდაც დავით კეზერაშვილი, რომელსაც ოფშორში უამრავი კომპანია აქვს რეგისტრირებული… სხვათა შორის, კოტე ყიფიანი, რომელმაც ქონება წამართვა და, რომელიც ახლა თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსია, დავით კეზერაშვილმა ფინანსური პოლიციიდან თავდაცვის სამინისტროში წაიყვანა და სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსად დანიშნა. თუ გამოძიება სამართლიანად წარიმართება, კეზერაშვილის ბრალდებებს ჩემი საქმეც დაამძიმებს, რადგან კეზერაშვილი და ყიფიანი ერთი ჯაჭვია და, გასაკვირია, რომ ეს ადამიანი კვლავ ხელისუფლებაშია! თუ ვინმეს ჰგონია, მადლობელნი უნდა ვიყოთ, რომ ბიზნესს აღარ ატერორებენ, ცდება – ხელისუფლების ვალდებულებაა, ადამიანის უფლებები, მათ შორის, კერძო საკუთრება დაიცვას. ვინც ნაციონალების დროს მე და სხვა უამრავი ადამიანი გააუბედურა, პასუხი აუცილებლად უნდა აგოს და არ შეიძლება, ისინი კვლავ ხელისუფლებაში იყვნენ, რადგან დანაშაულს ჩაიდენენ! მანუჩარ კაპანაძე და მერაბ ჯორბენაძე, რომლებმაც გამასამართლეს, დღესაც მოსამართლეები არიან, არადა, ასეთი ხალხისგან ყველა სახელმწიფო უწყება უნდა გაიწმინდოს!“ – აცხადებს პაატა კაჭარავა გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ 10 ათასი ლარი შესწირა.
„ თუ არ ,,შევწირავდი“, დამიჭერდნენ – მაშინ კოტე ყიფიანი ისევ ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა და მათი დატერორების საშუალება, ვისი საგამოძიებო ვადაც გასული არ იყო, კიდევ ჰქონდა… ფინანსური პოლიციიდან დარეკეს, შეხვედრა გვინდაო და გვითხრეს, პარტიას უნდა დაეხმაროთ, აი, ანგარიში და ათი ათასზე ნაკლებს ნუ გადარიცხავთო“, – აცხადებს პაატა კაჭარავა. შეგახსენებთ, რომ კაჭარავას ქონების ნაწილი ოფშორული კომპანიის შვილობილმა შპს-მ – ,,მიწა და უძრავმა ქონებამ“ დაისაკუთრა; რაც შეეხება მეორე ნაწილს, კერძოდ, ,,თბილელექტროაპარატის“ 3 მილიონად შეფასებულ წარმოებას, სადაც ფართო გამოყენების პლასტმასის ნივთები მზადდებოდა, 2010 წლის 10 მაისს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პირდაპირი მიყიდვის წესით, ,,გუდვილის“ ერთ-ერთ მეწილეს, სარფის საბაჟოს ყოფილ უფროსსა და, თავის დროზე, ასლან აბაშიძესთან დაახლოებულ გოგი შევარდნაძეს 500 ათასად უბოძა. პაატა კაჭარავას კუთვნილ 29 500 კვადრატულ მეტრზე შევარდნაძემ მაღაზია, საწყობი და წარმოება ,,მარშე“ გახსნა.
„დავალიანების გამო, ზემოხსენებული ქონება თი-ბი-სი ბანკმა გადაიფორმა. ,,ნაციონალური კოლმეურნეობიზაციის სამკუთხედი“ – სახელმწიფო -,,მარშე“- თი-ბი-სი ბანკი. თუ ქვეყანაში ოდესმე სამართლიანობის აღდგენა დაიწყო, ამ სამკუთხედიდან ვინ უნდა აგოს პასუხი“? – აცხადებს პაატა კაჭარავა. ბიზნესმენი, უპირველესად, „ნაციონალების“ დასჯას ითხოვს, ამასთან, გოგი შევარდნაძის მორალურ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.