მერიამ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამისთვის 4 000 000 ლარი გამოყო
ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 30 წლამდე ასაკის პაციენტებში, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 000 000 ლარი გამოიყო. მერიის ცნობით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა პრიორიტეტული პროგრამები განსაზღვრა.
მათივე ცნობით, ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 30 წლამდე ასაკის პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 4 000 000 ლარი გამოიყო. პროგრამის მიზანია, 30 წლამდე ასაკის 20 ბენეფიციარის ოპერაციული და პოსტოპერაციული მკურნალობის დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში პირველი პაციენტი უკვე დაფინანსდა, რომელიც 9 თებერვალს სტამბოლში გაემგზავრება. ასევე განისაზღვრა C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსების პროგრამა, რომლის 2015 წლის ბიუჯეტი 1 400 000 ლარია. პროგრამის მიზანია, თბილისში რეგისტრირებული C ჰეპატიტით დაავადებული პირებისთვის სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისა და მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის მისაღებად აუცილებელი დაავადების სტადიის განსასაზღვრი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში 2000 ბენეფიციარი დაფინანსდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2015 წლის ბიუჯეტი 76.5 მილიონი ლარია. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 2015 წელს 29 პროგრამას განახორციელებს. მათ შორის როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მომსახურების მიმართულებით.