გიორგი მღებრიშვილი: სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში ოთხი პატიმარი გადაიყვანეს

სასჯელაღსრულების მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, წუხელ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში ოთხი პატიმარი გადაიყვანეს. მისი თქმით, ერთ მათგანს ასთმური შეტევა ჰქონდა, დანარჩენის ზუსტი დიაგნოზი კი არ იცის.
“ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ დაახლოებით 50 სამოქალაქო კლინიკასთან და იმ სერვისებს, რომელსაც ვერ ვაწვდით ადგილზე, სამოქალაქო კლინიკებში გაგვყავს პატიმრები. მინდა გითხრათ, რომ შარშან ასე დაახლოებით 5 000-მდე პატიმარი გავიყვანეთ და არავითარ გადაუდებელ აუცილებლობას და განსაკუთრებულ შემთხვევებთან ადგილი არ გვაქვს”, – განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი მღებრიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დღეს აღნიშნულ საკითხზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. “მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 5 თებერვლის ღამეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში იყო არეულობა, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა პატიმრები ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, არ ვადასტურებთ. აღნიშნულ დაწესებულებაში სამედიცინო ჩარევა დასჭირდა მხოლოდ ერთ-ერთ ქრონიკულ ავადმყოფ პატიმარს, რომელიც ასთმური შეტევით გადაყვანილ იქნა სამედიცინო კლინიკაში. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სამოქალაქო სექტორის 50-ზე მეტ კლინიკასთან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენი სისტემის მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს. აღნიშნულ კლინიკებში საჭიროებისამებრ პერიოდულად გადაჰყავთ პატიმრები. გუშინ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში რამდენიმე მსჯავრდებული იქნა გაყვანილი გადაუდებელი წესით, რომელთაც ჰქონდათ სხვადასხვა სახის ჩივილები, მათ გაეწიათ ადეკვატური სამედიცინო დახმარება და უკვე დაუბრუნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები