საქართველო სავიზო რეჟიმს ამკაცრებს

საქართველომ დღეიდან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა. პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ,” რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა.
ახალი კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა, მათ შორის, ერაყს, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციას, ჩილეს, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკას და სხვა, ხოლო ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა.
იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 90-დღეზე მეტი ხნით, საემიგრაციო ვიზა უნდა აიღოს. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მათ შორის იმ ქვეყნებზე, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.
საქართველოს ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს. ვიზები გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. უცხოელმა, რომლის წარმოშობის ქვეყანაში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ახლომდებარე საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას უნდა მიმართოს. კანონის მიხედვით, ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
1-ელი სექტემბრიდან საქართველოს ვიზა 50 აშშ დოლარი ეღირება. “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებების განხორციელებამდე, სხვადასხვა ტიპის ვიზაზე განსხვავებული ფასები მოქმედებდა, თუმცა ამიერიდან არც ქვეყნების და არც ვიზის ტიპის მიხედვით დიფერენციაცია არ იქნება.
“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” ახალი კანონი პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტში მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბერალური სავიზო პოლიტიკის შეცვლის და ე.წ. დაბალანსებულ სავიზო პოლიტიკაზე გადასვლის მიზეზად მიგრაციული პროცესების მართვის აუცილებლობას ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები