გოგა ონიანის მამას „ელიავაზე“ ხის საამქრო აქვს
გოგა ონიანი წინასწარი დაკავების საკანში მარტო იმყოფებოდა. მისი თქმით, როგორც ბრალდებულის მიმართ კანონი არ დარღვეულა და თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ „კვირას“ გოგა ონიანმა განუცხადა. „საპატიმროში არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, გამოკვლევები ჩამიტარდა და თავს კარგად ვგრძნობ “, – აღნიშნა გოგა ონიანმა.
ონიანის თქმით, მას გირაოს თანხა – 20 ათასი ლარი მეგობრებმა შეუგროვეს, ოჯახის წევრებმა კი მხოლოდ 2000 ლარი გაიღეს.
„საერთოდ არ ვიცოდი 20 ათასი ლარის შესახებ, მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ 20 ათასი ლარიდან 2 ათასი ლარი ჩემმა ოჯახმა გადაიხადა. რომელმა მეგობარმა, ვინ რამდენი დადო, ჩემთვის უცნობია“, – აღნიშნა ონიანმა. მისი თქმით, ის ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას როგორც ადვოკატად, ასევე იბრძოლებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. გოგა ონიანი ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატობას აპირებს.
„ვაზისუბნის რაიონში ვიყრი კენჭს. ბავშვობა ვაზისუბანში გავატარე და კარგად ვიცნობ ამ რაიონს. ჩემი მომავლის უახლოესი გეგმაა, რომ საზოგადოებას დავუმტკიცო ჩემი სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალი პოლიტიკური მოტივაციით იყო წაყენებული… მეორე, გავაგრძელებ იმ ადამიანების დაცვას, რომლებსაც ვიცავ, მათ მიმართ არის შეთითხნილი ბრალდებები და აუცილებლად დავამტკიცებ მათ უდანაშაულობას. მესამე, მინდა ვაზისუბნის მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ვიყო მათი უფლებების დამცველი. მსურს, მათი ინტერესები მივიტანო საკრებულოში და შემდგომ 4 წლის განმავლობაში მათთვის ბევრი რამ გავაკეთო“, – აღნიშნა გოგა ონიანმა. როგორც შს ყოფილი მაღალჩინოსნის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, გოგა ონიანს 2011 წელს 10 წლის ვადით 42 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს აღებული.
„ეს კრედიტი გრძელვადიანია. 20 წელზეა გაწერილი… თვეში 500 დოლარია გადასახდელი. ჯერჯერობით ჩემი და მამაჩემის სამუშაოს ანაზღაურებით ვიხდით კრედიტს“, – აცხადებს ონიანი.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გოგა ონიანის მამა ნუგზარ ონიანი თბილისის მერიაში ამჟამად აღარ მუშაობს. ნუგზარ ონიანი შპს „თბილისის პარკების“ მოძრავი ჯგუფების უფროსი იყო. როგორც „კვირას“ გოგა ონიანმა განუცხადა, მამამისი ამჟამად “ელიავას” ბაზრობაზე ხის საამქროში მუშაობს და ორ მეგობართან ერთად ხეს თავად ამუშავებს.