ია მეტრეველის ლიკვიდაციის სცენარის დეტალები – რა უამბო ადვოკატს ლაშა შავიძემ  

იური ვაზაგაშვილის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი პირველი იყო, რომელმაც მსჯავრდებულ ლაშა შავიძისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია, რომ მას ია მეტრეველის ლიკვიდაცია და ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვება უბრძანეს. მერაბ ჩიქოვანი „კვირასთან“ დეტალურად იხსენებს ლაშა შავიძესთან რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთი წლის წინ გამართულ შეხვედრას და იმ გარემოებებს, რაც აღნიშნულ შეხვედრას უძღოდა წინ. ადვოკატის თქმით, მან იური ვაზაგაშვილის თხოვნით მსჯავრდებული მას შემდეგ მოინახულა, რაც ციხიდან ლაშა შავიძემ ბუტა რობაქიძის დედასთან ია მეტრეველთან დარეკა.

ლაშა შავიძემ ია მეტრეველს უთხრა, რომ მას კრიმინალური პოლიციის იმჟამინდელი მაღალჩინოსნები მეტრეველის ლიკვიდაციას, ხოლო უკვე გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ კომპრომატების მოძიებას ავალებდნენ.

ია მეტრეველმა ინფორმაცია იური ვაზაგაშვილს მიაწოდა, რის შემდეგაც ვაზაგაშვილმა ადვოკატებს გაგი მოსიაშვილსა და მერაბ ჩიქოვანს ფაქტით დაინტერესება სთხოვა. მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ლაშა შავიძემ მას ჯერ ზეპირსიტყვიერად უამბო სქემის შესახებ, შემდეგ კი შედგა გამოკითხვის ოქმი, რომელშიც მსჯავრდებული წერდა, თუ როგორ შეუკვეთეს მას იმჟამინდელმა მაღალჩინოსნებმა: ირაკლი ფირცხალავამ და კახა ლეგაშვილმა ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლელობა, ხოლო ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი მასალის მოძიება.

„მსჯავრდებულმა ლაშა შავიძემ გამოკითხვის ოქმში საკუთარი ხელით აღწერა გარემოებები. ის წერდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2008 წლის ივლისში დააკავეს, რის შემდეგაც კრიმინალური პოლიციის იმჟამინდელ მაღალჩინოსნებთან ირაკლი ფირცხალავასთან და კახა ლეგაშვილთან მიიყვანეს. ირაკლი ფირცხალავა მას ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა, თავისუფლების სანაცვლოდ კი გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მოკვლა დაავალა.

ფირცხალავას სცენარი ასეთი იყო: ლაშა შავიძეს ერთ-ერთი მაღაზია იმ დროს უნდა დაეყაჩაღებინა, როცა იქ ია მეტრეველი შევიდოდა, შავიძეს უნდა ესროლა მეტრეველის მიმართულებით და მისი ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა. კრიმინალური პოლიციის იმჟამინდელი მაღალჩინოსნები შავიძისგან ასევე მოითხოვდნენ მოეძებნა პირი, რომელიც გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელ მასალებს მოიძიებდა. ფირცხალავამ შავიძეს უთხრა, რომ დავალების შესრულების შემთხვევაში დააკავებდნენ, თუმცა საპატიმროში მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიდნენ.

შავიძე ფორმალურად დათანხმდა შეთავაზებას, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, თუმცა შემდეგ ერთ-ერთ ქვეყანაში მცირე ხნით წავიდა. დაბრუნების შემდეგ ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის 10 წლით თავისუფლება აღუკვეთეს“, -განუცხადა “კვირას“ მერაბ ჩიქოვანმა.

როგორც ჩიქოვანი აცხადებს, მან ლაშა შავიძის გამოკითხვის ოქმი იური ვაზაგაშვილს გადასცა. იური ვაზაგაშვილმა ინფორმაცია მედიაში გააჟღერა. საქმის კურსში იყო სახალხო დამცველიც.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობის შეკვეთაში ამხილა. როგორც უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთ პირს, რომლის ვინაობასაც ომბუდსმენი არ ასახელებს, ირაკლი ფირცხალავამ და კახა ლეგაშვილმა ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობა შეუკვეთეს.

ომბუდსმენის თქმით, მოწმე, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა, ამჟამად 10-წლიან სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მსჯავრდებულის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები მისგან ასევე მოითხოვდნენ, მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები