კასპში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი შიდა ქართლის რეგიონს სტუმრობდა. მინისტრმა კასპში ახლადდამონტაჟებული ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაათვალიერა. ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მეტეოროლოგიურ სადგურში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი იმყოფებოდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეტეოროლოგიური სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა.
კასპის რაიონში დღემდე, მეტეოროლოგიური დაკვირვებები ვერ ხორციელდებოდა, რის გამოც შეუძლებელი იყო ამინდისა და კლიმატური ინფორმაციული მომსახურების უზრუნველყოფა. ახლადდამონტაჟებული თანამედროვე სტანდარტების ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დღე-ღამის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში გაზომავს და მონაცემებს ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების, მოსული ნალექების ინტენსივობის და რაოდენობის, ასევე ატმოსფერული წნევის შესახებ, ინფორმაციის დამუშავების ცენტრს გადასცემს.