გლდანში მდებარე სანიაღვრე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მაისში დასრულდება

თბილისის მერი დავით ნარმანია გლდანის რაიონში მდებარე სანიაღვრე კოლექტორების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, სანიაღვრე სისტემაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. მისივე თქმით, აღნიშნული სანიაღვრე სისტემის კაპიტალური შეკეთება ერთ-ერთი პრევენციაა ქალაქის გარკვეული ნაწილების დატბორვის თავიდან ასაცილებლად.
„ქალაქში ძალიან დიდი პრობლემაა სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი არის სააფთრე ხევი, სადაც ახლა მიმდინარეობს დაზიანებული სანიაღვრე სისტემის აღდგენა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სანიაღვრე სისტემა, რომელიც მდინარე მტკვარს უერთდება. გამოდინარე იქიდან, რომ აქ თავის დროზე ძალიან ბევრი სამშენებლო ნარჩენი დაიყარა, სისტემამ ვერ გაუძლო, ჩაინგრა და ახლა მისი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების მიზანი ამ სანიაღვრე სისტემის კაპიტალურად შეკეთებაა, რათა სრულად მოწესრიგდეს ამ ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელები და წვიმების დროს დისკომფროტი არ შექმნას მოსახლეობას“, – განმარტა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, 2015 წლის ბიუჯეტში ოთხ მილიონ ლარზე მეტი გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას მოხმარდება.
„ქალაქში დიდი პრობლემაა სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებით და წვიმების დროს ქალაქის დიდი ნაწილი იტბორება. სწორედ ამიტომ ჩვენ წელს ბიუჯეტში ოთხ მილიონ ლარზე მეტი გადაუდებელი სამუშაოებისთვის გავითვალისწინეთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები